ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა
ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში რეალური მშპ წლიურად 8.8%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.9%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა. თებერვლის ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია & კომუნიკაციის, ტრანსპორტის, საფინანსო & სადაზღვევო, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში.
მოსალოდნელზე ძლიერი ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, 2026 წლისთვის რეალური მშპ-ის 6.0%-იან ზრდის პროგნოზს ვინარჩუნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ესკალაციამ მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ეკონომიკურ აქტივობაზე გარკვეული გავლენა იქონიოს, ველოდებით, რომ მოთხოვნა წლის მეორე ნახევარში ნორმალიზდება, და მთლიანობაში წლიური ეკონომიკური ზრდა ჩვენს საბაზისო პროგნოზთან თანხვედრაში იქნება (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).
ინფლაცია: 2026 წლის მარტში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე შენელდა, წინა თვეში არსებული 4.6%-დან, რაც ძირითადად გასული წლის მაღალი საბაზო ეფექტით იხსნება. ინფლაციის წლიური დონის შენელება ძირითადად ადგილობრივი და შერეული საქონლისა და მომსახურების ფასების წლიური ზრდის ტემპების, შესაბამისად, 6.0%-მდე (6.5% წინა თვეში) და 4.9%-მდე (6.2% წინა თვეში) შენელებამ განაპირობა. ამასთან, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა, წინა თვის -0.7%-იანი კლების შემდეგ. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, წინა თვის მსგავსად, 2.4% შეადგინა 2026 წლის მარტში.
ჩვენი განახლებული პროგნოზით, საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 4.2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს (წინა 3.0% იყო), რაც ასახავს ირანის ესკალაციის ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეულ ზეწოლას, ასევე საქართველოში მიმდინარე წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფის მატებას (რომელიც მოსალოდნელია, რომ წლიურ ინფლაციას დამატებით 0.7პპ-ით გაზრდის).
მიმდინარე ანგარიში: 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის მიმართ ისტორიულ მინიმუმამდე 2.6%-მდე შემცირდა, 2024 წელს დაფიქსირებული 5.3%-დან. აღნიშნული შემცირება ძირითადად მომსახურების დადებითი ბალანსის 21.2%-იანი ზრდით იყო განპირობებული, რასაც ხელი შეუწყო ICT ექსპორტიდან (+53.4% წ/წ, $1.3 მლრდ) და ტურიზმიდან (+6.0% წ/წ, $4.7 მლრდ) მიღებული შემოსავლების ზრდამ. ბალანსის დამატებითი გაუმჯობესება ტრანსფერტების ბალანსის 5.6%-იან ზრდას უკავშირდება. ამავე პერიოდში, საქონლით სავაჭრო დეფიციტი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და $6.9 მლრდ შეადგინა, რადგან საქონლის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, ხოლო საქონლის იმპორტის ზრდა 8.4% იყო. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 21.8%-ით 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს 1.4-ჯერ აღემატებოდა.
ამასთან, თუ მიმდინარე ანგარიშიდან რეინვესტიციებს გამოვრიცხავთ (აღირიცხება როგორც მიმდინარე ანგარიშის, ისე მისი დაფინანსების წყაროს მუხლებში), მაშინ მიმდინარე ანგარიში დადებით ბალანში გადადის და 2025 წელს მშპ-ის 1.0% შეადგინა (2024 წელს -1.4% იყო).
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი.