ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - ტარიფის განახლება
2026 წლის 1 აპრილიდან ელექტროენერგიის საცალო ტარიფი მოსახლეობისთვის კვტ.სთ-ზე 5 თეთრით გაიზარდა, რაც საშუალოდ 27.2%-იანი ზრდაა, ხოლო ბიზნესისთვის 4-7 თეთრით, რაც საშუალოდ 20%-იანი ზრდაა. ტარიფის ცვლილება შეეხება როგორც თელმიკოს (თბილისი), ისე ეპჯ მიწოდების (რეგიონი) მომხმარებლებს. საცალო ტარიფს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია (სემეკი) წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე მეთოდოლოგიით ადგენს. მიმდინარე ზრდა ძირითადად ორი ფაქტორით აიხსნება: გაზრდილი საინვესტიციო გეგმებით და ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების მატებით.
ტარიფის ზრდა პირდაპირ ზრდის კომუნალურ ხარჯს როგორც მოსახლეობისთვის, ისე იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას საცალო ბაზრიდან ყიდულობენ. ჩვენი შეფასებით, ცვლილებას რამდენიმე დამატებითი ეფექტიც ექნება: ინფლაციაზე დაახლოებით 0.7 პროცენტული პუნქტით აისახება, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განახლებას და განსაკუთრებით რეგიონებში ავარიული გათიშვების შემცირებას, ასევე გააძლიერებს ბიზნესის ინტერესს საკუთარი გენერაციის წყაროების მიმართ. ამასთან, გადამცემი ქსელისა და ქვესადგურების რეაბილიტაციამ შესაძლოა მცირე სადგურების ქსელთან დაერთების ხარჯიც შეამციროს. მნიშვნელოვანია, რომ საცალო ტარიფის ცვლილება ელექტროსადგურების გასაყიდ ფასს არ განსაზღვრავს და შესაბამისად, გავლენა არ ექნება.