← reports · galt-taggart · 69ca4bd5c3daf40007c70094

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული

მონეტარული პოლიტიკა: 2026 წლის 25 მარტს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ შეფერხებებს, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე ზეწოლას ახდენს და ენერგიისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას იწვევს.
2026 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა და, რეგულატორის შეფასებით, მათ ძირითად სცენარს შეესაბამებოდა - სურსათის ფასების წვლილი შემცირდა, ხოლო ინფლაციური მოლოდინები მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს ნარჩუნდებოდა. მიმდინარედ, სებ-ის შეფასებით, რისკების ბალანსი უფრო მაღალი ინფლაციის სცენარისკენ არის გადახრილი, რადგან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა უკვე ნაწილობრივ საქართველოს ბაზარზეც გადმოვიდა. შესაბამისად, სებ-მა მკაფიოდ მიუთითა მკაცრ მონეტარულ პოზიციაზე: თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდება ან „მეორე რაუნდის“ ეფექტები რისკებს გააძლიერებს, მზად არის არსებული მკაცრი პოლიტიკა უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს ან დამატებით გაამკაცროს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 6 მაისს არის დაგეგმილი.

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 13.6%-ით გაიზარდა და საკრედიტო პორტფელმა 71.1 მლრდ ლარი (26.6 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა 2026 წლის თებერვალში. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, თებერვალში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.2% შეადგინა (+1.3% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 12.0%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 15.5% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის თებერვალში სესხების დოლარიზაცია 42.2%-მდე შემცირდა (-0.22პპ თ/თ და -0.91პპ წ/წ).
2026 წლის თებერვალში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 18.5%-მდე დაჩქარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 67.9 მლრდ ლარი (25.4 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 15.8%-იანი ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, თებერვალში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 34.8%-მდე დაჩქარდა (+27.9% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 4.0%-მდე შენელდა (+5.2% წინა თვეში). შედეგად, თებერვალში დეპოზიტების დოლარიზაცია, საგრძნობლად, 46.0%-მდე შემცირდა (-1.41პპ თ/თ და -7.15პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 429.3 მლნ აშშ დოლარი შეიძინა 2026 წლის თებერვალში.
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 515.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.