← reports · galt-taggart · 69c3a91d46cac30e9b28a4f1

ელექტრონული კომერცია საქართველოში (პრეზენტაცია)

ENქართული
published
12/29/2025, 6:03:00 PM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/9/2026, 2:23:13 PM
categories
tags
skhva-ka-ge
source url

საქართველოს ელ-კომერციის ბაზარი სწრაფად იზრდება, რასაც ხელს უწყობს მომხმარებელთა მზარდი ბაზა, მაღალი კონკურენცია, გაუმჯობესებული პლატფორმები და კარგად განვითარებული ციფრული და ფინანსური ეკოსისტემა. ამასთან, მთავარ გამოწვევებად კვლავ რჩება მიწოდების სისწრაფე, რეგიონული დაფარვა, კურიერების დეფიციტი და მომხმარებელთა ნდობა პროდუქტის ხარისხის მიმართ.

საქართველოში ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2018-2024 წლებში გაათმაგდა და 3.5 მლრდ ლარს მიაღწია. ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა (+40.6% წ/წ) და ჩვენი შეფასებით, 2025 წელს ბაზრის ზომა 4.7 მლრდ ლარს მიაღწევს.

მომსახურების სექტორში ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან Wolt, Glovo, Bolt, Yandex, biletebi.ge და tkt.ge. აქედან პირველი ოთხი საერთაშორისო კომპანიაა, რომელთა ქართულ ბაზარზე შემოსვლა ელ-კომერციის ბაზრის განვითარების მთავარი ფაქტორი იყო. საქონლით ვაჭრობის სექტორში კონკურენცია გაცილებით მაღალია: ადგილობრივ ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან Veli.Store, Extra.ge და საქართველოში ოპერირებადი ბრენდული საცალო ქსელების უმეტესობა, ხოლო უცხოეთიდან შეძენების მიმართულებით ლიდერ პლატფორმებს წარმოადგენენ Temu, Amazon, eBay, AliExpress, Taobao, Trendyol, Zara და Farfetch.

ადგილობრივმა ელ-კომერციამ 2024 წელს ბაზრის 61% შეადგინა (2.1 მლრდ ლარი), რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის 16%-იან მაჩვენებელს. აქედან მომსახურების სექტორში ელ-კომერციის მოცულობამ 1.6 მლრდ ლარი შეადგინა და ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო, ხოლო საცალო სექტორში ელ-კომერციამ 0.5 მლრდ ლარს მიაღწია. ჩვენი მოლოდინით, ადგილობრივი ელ-კომერციის მოცულობა 2025 წლის ბოლომდე 2.9 მლრდ ლარს მიაღწევს.

საერთაშორისო ელ-კომერცია 2018-24 წლებში ექვსჯერ გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა (+56.7% წ/წ). ჩვენი მოლოდინით, საერთაშორისო ელ-კომერციის მოცულობა 2025 წელს 1.8 მლრდ ლარს მიაღწევს. მთავარ მოთამაშეებს წარმოადგენენ Temu, Amazon, AliExpress, eBay, Trendyol, Zara და Farfetch. 2025 წლის პირველ ნახევარში Temu-ზე მოდიოდა ტრანზაქციების დაახლოებით 50% და ღირებულების დაახლოებით 35%, რაც გამოწვეულია მისი დაბალი საშუალო ჩეკის ზომით, ეფექტიანი ლოჯისტიკით და აგრესიული მარკეტინგით.

2025 წლის პირველ ნახევარში ელ-კომერციამ საცალო ვაჭრობის ბრუნვის 8.0% შეადგინა (ზრდა 2021 წლის 3.6%-თან შედარებით), საიდანაც ადგილობრივი კომპანიების წილი 2.2%, ხოლო უცხოეთიდან გამოწერების 5.8% იყო. ჩვენი პროგნოზით, 2024-30 წლებში ელ-კომერციის ბაზარი საშუალოდ წლიურად 20.5%-ით გაიზრდება და 2030 წლისთვის 10.7 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო საცალო ვაჭრობაში ელ-კომერციის წილი დაახლოებით 13%-მდე გაიზრდება. ზრდას ხელს შეუწყობს ლოგისტიკის გაუმჯობესება, შესყიდვების სიხშირის ზრდა და ციფრული ტექნოლოგიების შემდგომი დანერგვა.

ბაზარზე წარმატებას განსაზღვრავს ოთხი ძირითადი ფაქტორი: ფასი, ასორტიმენტი, მომხმარებლის გამოცდილება და მიწოდების სისწრაფე. ჩვენი შეფასებით, იმ მოთამაშეებს, რომლებიც შეძლებენ ოთხივე კომპონენტის ეფექტურად შეთავაზებას, ბაზარზე პოზიციის მნიშვნელოვნად გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.

დამატებითი და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი სრული ანგარიში: www.galtandtaggart.com