← reports · galt-taggart · 69c3a8ac46cac30e9b28a458

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული
published
12/15/2025, 9:17:57 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/9/2026, 2:23:13 PM
categories
tags
kovelkvireuli-bazris-mimokhilva-ka-ge
source url

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 101.7%-ით გაიზარდა და 533.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 12.0%-იანი კლების შემდეგ. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. ამასთან, სააქციო კაპიტალი და რეინვესტიციები წლიურად შემცირდა.
2025 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა ($91.7 მლნ, +271.0% წ/წ), ტრანსპორტი ($79.8 მლნ, +255.4% წ/წ), წყალმომარაგება ($71.5 მლნ, +860x წ/წ), დამამუშავებელი მრეწველობა ($68.3 მლნ, +5.4% წ/წ) და ინფორმაცია და კომუნიკაცია ($54.5 მლნ, +467.8% წ/წ).
მესამე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აშშ ($93.5 მლნ), ესპანეთი ($72.1 მლნ), თურქეთი ($70.0 მლნ) და აზერბაიჯანი ($56.7 მლნ).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1.3 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა (+11.0% წ/წ), რაც მშპ-ის 4.7%-ია.

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.7%-ით გაიზარდა და 305 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+4.9% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს და 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს.

2026 წლის ბიუჯეტი: პარლამენტმა დაამტკიცა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 5.0%-იან ეკონომიკურ ზრდას და 4.1%-იან დეფლატორს ითვალისწინებს. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-იან ნიშნულზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლები წლიურად 6.0%-ით იზრდება მშპ-ის 23.7%-მდე და პრივატიზაციიდან მოსალოდნელი შემოსავლები 350 მლნ ლარია. ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები მშპ-ის 28.9%-ის დონეზეა დაგეგმილი, სადაც კაპიტალური ხარჯების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 7.1%-ს შეადგენს (2025 წლის მოსალოდნელიც ასევე 7.1%-ია). ამასთან, ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალი 2026 წელს მშპ-ს 33.5%-ს გაუტოლდება, რომლის კომპოზიციაში შიდა ვალის წილი იზრდება მშპ-ს 11.8%-მდე (2025 წლის 11.1%-დან), ხოლო საგარეო ვალის წილი მცირდება მშპ-ს 21.7%-მდე (2025 წლის 23.0%-დან).