ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა
|
უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.3 პპ-ით 14.4%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, მთლიანი დასაქმება 1,369 ათას კაცს შეადგენდა და წლიურად 1.8%-ით შემცირდა, რაც დასაქმების კატეგორიებს შორის გადანაწილებას ასახავს. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.8%-ით 921.5 ათას კაცამდე შემცირდა და მთლიანი დასაქმების 67.3% შეადგინა, რაც დიდწილად 2026 წლის დასაწყისიდან სოციალურად დაუცველ პირთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტას უკავშირდება. ამასთან, თვითდასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.4%-ით გაიზარდა, რაც შრომის ბაზრის მოქნილობაზე მიუთითებს. პროგრამის შეწყვეტის შედეგად მისი მონაწილეების ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ გადავიდა, რის შედეგადაც სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.4 პპ-ით 53.4%-მდე შემცირდა. საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი წლიურად 16.1%-ით გაიზარდა და 716.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 24.0%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 2.9%-ით შემცირდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 6.7%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, 2026 წლის აპრილში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 15.7%-ით შემცირდა და 765.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2026 წლის აპრილში მანქანები (-31.8% წ/წ), ნავთობი (+$110.3 მლნ წ/წ), ძვირფასი ლითონები (+27.2% წ/წ), სასუქები (+145.1% წ/წ) და ღვინო (-6.5% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 12.0% ევროკავშირზე მოდიოდა (+11.4% წ/წ), 51.9% დსთ-ზე (-16.0% წ/წ) და 36.1% სხვა ქვეყნებზე (+166.2% წ/წ). აღნიშნულ პერიოდში, ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-33.8% წ/წ), ნავთობი (+39.5% წ/წ), მედიკამენტები (+9.8% წ/წ), გაზი (+95.9% წ/წ) და ტელეფონები (+5.5% წ/წ). ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.0%-ით შემცირდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა 2.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა და 5.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7%-ით გაიზარდა 2026 წლის აპრილში, წინა თვეში არსებული 6.5%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი (+5.3%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (+27.6%) სექციებში. |