ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა
|
ინფლაცია: 2026 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, წინა თვეში არსებული 4.3%-დან. ინფლაციის დაჩქარება ძირითადად საწვავის ფასების და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ განაპირობა, რომელთა ჯამური კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტი იყო აპრილში (აქედან 1.3 პროცენტული პუნქტი პირდაპირი ეფექტია), ჩვენი შეფასებით. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.2% შეადგინა 2026 წლის აპრილში, წინა თვის 2.4%-ის შემდეგ. მონეტარული პოლიტიკა: 2026 წლის 6 მაისს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა, გლობალური ენერგეტიკული ბაზრებიდან მომდინარე გაზრდილი რისკების ფონზე ინფლაციური მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნების მიზნით. იმავე დღეს, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა და წინანდელ დონეზე დააბრუნა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების საპასუხოდ. ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე გაზარდა, რაც 2026 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში და წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიმდინარე დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს არის დაგეგმილი. საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 43.2%-ით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით აპრილში რეზერვები 2.4%-ით გაიზარდა (+154.2 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 მაისს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.4%-ს შეადგენს. |