← reports · galt-taggart · 69f84d7902c6e100076016c0

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული

კონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 10.7%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.8%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა. მარტის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის, პროფესიული და სამეცნირო საქმიანობის, მშენებლობის და ტრანსპორტის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის კლებას ასახავს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე აისახა, მაშინ როდესაც სხვა სექტორებში ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. მაღალი სასაქონლო ფასებისა და მზარდი ფულადი გზავნილების ფონზე, ექსპორტზე ორიენტირებული და შიდა ეკონომიკური აქტივობები კიდევ უფრო გაფართოვდა. შესაბამისად, მოსალოდნელზე ძლიერი პირველი კვარტლის შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%-დან 7.0%-მდე გავზარდეთ (იხილეთ განახლებული მაკრო პროგნოზები აქ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 14.7%-ით გაიზარდა და საკრედიტო პორტფელმა 72.7 მლრდ ლარი (26.9 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა 2026 წლის მარტში. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მარტში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა (+2.4% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ზრდა კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.2%-მდე დაჩქარდა (+12.0% წ/წ წინა თვეში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 16.5% იყო (+16.2% წ/წ წინა თვეში). ამასთან, 2026 წლის მარტში სესხების დოლარიზაცია, მცირედით, 42.5%-მდე გაიზარდა (+0.27პპ თ/თ და -0.61პპ წ/წ).
2026 წლის მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა, ასევე, 19.4%-მდე დაჩქარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 69.5 მლრდ ლარი (25.7 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 18.5%-იანი ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, მარტში ლარის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 34.3% შეადგინა (+34.8% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 6.1% იყო (+4.0% წინა თვეში). შედეგად, მარტში დეპოზიტების დოლარიზაცია, მცირედით, 46.6%-მდე გაიზარდა (+0.63პპ თ/თ და -6.17პპ წ/წ). 

სავალუტო ინტერვენციები: 2026 წლის მარტში სებ-მა სავალუტო ბაზარზე მცირე მოცულობის ინტერვენცია განახორციელა და წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 16.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული, ლარის 2.7%-იან გაუფასურებას მოჰყვა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების ფონზე დაფიქსირდა. ამასთან, ჯამურად 2026 წლის პირველ კვარტალში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვამ 499.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც იანვარ-თებერვალში განხორციელებული სავალუტო შესყიდვების შედეგია.