ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა
ტურიზმის შემოსავლები: 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი შეფასებით, პირველი კვარტლის შედეგები ასახავს იანვარ–თებერვალში დაფიქსირებულ ძლიერ დინამიკას, რომელმაც მარტში დაფიქსირებული, მკვეთრი, 32%-იანი წლიური კლება დააბალანსა. კერძოდ, 2026 წლის მარტში ტურიზმის შემოსავლები წლიურად 32%-ით შემცირდა და 197 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ირანის ესკალაციის უარყოფით გავლენას ასახავს.
პირველ კვარტალში ტურიზმის შემოსავლების ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+36.4%), თურქეთიდან (+12.2%), უკრაინიდან (+34.2%) და საუდის არაბეთიდან (+47.6%) მიღებულმა შემოსავლების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა სხვა ძირითადი ქვეყნებიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმის შესავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც შემცირებულია წინა მოსალოდნელი 5.0 მლრდ აშშ დოლარიდან და ეფუძნება დაშვებას, რომ ირანის ესკალაცია მაისის დასაწყისში დასრულდება (იხილეთ დეტალები ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში აქ).
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 24.0%-ით გაიზარდა და 697.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 26.6%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 4.7%-ით გაიზარდა 1.6 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 10.4%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, 2026 წლის მარტში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 6.5%-ით შემცირდა და 895.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის მარტში მანქანები (-31.2% წ/წ), ნავთობი (+$104.9 მლნ წ/წ), ძვირფასი ლითონები (+233.3% წ/წ), ფეროშენადნობები (+94.2% წ/წ) და სპილენძი (+236.9% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 13.1% ევროკავშირზე მოდიოდა (+12.5% წ/წ), 48.5% დსთ-ზე (-13.2% წ/წ) და 38.4% სხვა ქვეყნებზე (+192.7% წ/წ). აღნიშნულ პერიოდში, ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-26.3% წ/წ), ნავთობი (+30.4% წ/წ), ნედლი ნავთობი (+$69.2 მლნ წ/წ), მედიკამენტები (+1.2% წ/წ) და გაზი (+42.0% წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მარტში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 20.9%-ით შემცირდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 23.4%-ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 7.1%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა 2026 წლის მარტში, წინა თვეში არსებული 5.7%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი (+5.0%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (+33.0%) სექციებში.