← reports · galt-taggart · 69e5d2e8c33ba8000797efb6

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2026 წელს 3.1%-ით გაიზრდება, რაც იანვარში გაკეთებულ პროგნოზზე 0.2პპ-ით ნაკლებია. აღნიშნული შენელება ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენას ასახავს. ასევე, ფონდის პროგნოზით, გლობალური ინფლაცია 2025 წლის 4.1%-დან 2026 წელს 4.4%-მდე გაიზრდება, რაც ძირითადად ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ფასების მატებით იქნება განპირობებული. ამასთან, სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, უცვლელად, 5.3%-ის დონეზე ინარჩუნებს 2026 წლისთვის.

 ტურიზმი: 2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად, მცირედით, 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ მოგზაური შეადგინა, რაც ასახავს ახლო აღმოსავლეთში არსებული ესკალაციის გავლენას ტურისტულ ვიზიტებზე მარტის თვეში. აღნიშნული შემცირება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების წლიურად 19.0%-იანმა შემცირებამ განაპირობა, მაშინ როცა ტურისტული ვიზიტები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა (85.2% წილი მთლიან ვიზიტებში). აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ვიზიტორები მნიშვნელოვნად შემცირდა ისრაელიდან           (-17.5% წ/წ), ირანიდან (-48.8% წ/წ), სომხეთიდან (-11.2% წ/წ), ინდოეთიდან (-29.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (-8.1% წ/წ). ეს შემცირება უმეტესწილად დააბალანსა ვიზიტორების ზრდამ ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ), თურქეთიდან  (+5.8% წ/წ), რუსეთიდან (+5.2% წ/წ), ჩინეთიდან (+48.6% წ/წ), უკრაინიდან (+24.5% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+36.6% წ/წ).

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში  საქონლის ექსპორტი წლიურად 24.0%-ით გაიზარდა და 697.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 26.6%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა 1.6 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 10.4%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, 2026 წლის მარტში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 7.0%-ით შემცირდა და 890.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მარტში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 21.1%-ით შემცირდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 23.3%-ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 7.2%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

 ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2026 წლის მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 9.8%-ით გაიზარდა 320.6 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 17.1%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+11.0%, მთლიანის 46.9%), აშშ-დან (+10.9%, მთლიანის 19.0%), ისრაელიდან (+25.2%, მთლიანის 8.4%) და თურქეთიდან (+33.9%, მთლიანის 3.6%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა მხოლოდ ყაზახეთიდან (-2.3%, მთლიანის 2.0%).

ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 14.2%-ით გაიზარდა და 898.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს.