ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა
ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მიხედვით 2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა, რაც 0.1პპ-ით ნაკლებია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 7.6%-ით გაიზარდა.
სექტორულ ჭრილში, მესამე კვარტლის წლიურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (+21.1%), განათლება (+20.7%), საფინანსო საქმიანობა (+14.7%), სახელმწიფო მმართველობა (+9.7%), ტრანსპორტი (+8.1%), ხელოვნება, გართობა (+13.0%), ვაჭრობა (+3.0%) და სასტუმროები და რესტორნები (+8.4%). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, წლიური კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის (-5.4%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (-8.7%) და ელექტროენერგიის მიწოდების (-3.3%) დარგებში.
ჩვენი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს (იხ. 2026 წლის ეკონომიკური მოლოდინები აქ).
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 44.2%-მდე დაჩქარდა და თვის ჭრილში რეკორდული 782.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 0.4%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 1.2%-ით შემცირდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის მცირედი 0.1%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 27.6%-ით შემცირდა 675.3 მლნ აშშ დოლარამდე.
2025 წლის ნოემბერში მანქანები (+53.1% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+231.8% წ/წ), ნავთობი (+$37.0 მლნ წ/წ), ფეროშენადნობები (+430.1% წ/წ) და თხილი (+89.9% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 15.0% ევროკავშირზე მოდიოდა (+117.9% წ/წ), 67.2% დსთ-ზე (+33.6% წ/წ) და 17.9% სხვა ქვეყნებზე (+46.3% წ/წ).
2025 წლის ნოემბერში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-17.5% წ/წ), ნავთობი (+37.0% წ/წ), მედიკამენტები (-1.1% წ/წ), გაზი (-20.3% წ/წ) და ტელეფონები (+6.5% წ/წ).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და 10.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა 6.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.3%-ით გაიზარდა და 16.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა 298.4 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 13.4%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+14.5%, მთლიანის 47.0%), რუსეთიდან (+29.3%, მთლიანის 12.9%), აშშ-დან (+15.5%, მთლიანის 19.4%), ისრაელიდან (+9.8%, მთლიანის 7.9%) და თურქეთიდან (+10.1% წ/წ, მთლიანის 3.1%). ამასთან, ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ყაზახეთიდან (-21.7%, მთლიანის 2.1%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მონეტარული პოლიტიკა: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მაღალი გაურკვევლობის პირობებში ფრთხილი პოლიტიკა შეინარჩუნა და 2025 წლის 17 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.0%-ზე დატოვა. რეგულატორი აღნიშნავს, რომ ის მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციას მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს, რაც მიმდინარე ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცია სამიზნე დონეს დაუახლოვდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს ჩატარდება.