← reports · galt-taggart · 6a1d38832adc2900078a87f8

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული

ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აპრილში რეალური მშპ წლიურად 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში ზრდამ  8.3% შეადგინა. აპრილის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის, ტრანსპორტის, საფინანსო და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში; თუმცა, ჩვენი შეფასებით, წლის მეორე ნახევარში მშენებლობის სექტორის გააქტიურებაა მოსალოდნელი, რაც ეკონომიკურ ზრდას დამატებით შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე ჩვენ უცვლელად ვინარჩუნებთ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.0%-ის დონეზე (იხილეთ განახლებული მაკრო პროგნოზები აქ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, წლიურად 14.1%-ით გაიზარდა და საკრედიტო პორტფელმა 72.9 მლრდ ლარი (27.1 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა 2026 წლის აპრილში. სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება წლიურად 11.7%-ით გაიზარდა (+13.2% წ/წ წინა თვეში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 16.4% იყო (+16.5% წ/წ წინა თვეში). ამასთან, 2026 წლის აპრილში სესხების დოლარიზაციამ 42.5% შეადგინა (უცვლელი თ/თ და -0.77პპ წ/წ). 
2026 წლის აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა  20.0%-მდე დაჩქარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 70.0 მლრდ ლარი (26.0 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 19.4%-იანი ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, აპრილში ლარის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 33.0% შეადგინა (+34.3% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 8.1% იყო (+6.1% წინა თვეში). შედეგად, აპრილში დეპოზიტების დოლარიზაცია 46.4%-მდე შემცირდა (-0.17პპ თ/თ და -5.74პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 333.3 მლნ აშშ დოლარი შეიძინა 2026 წლის აპრილში.
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 833.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.