მაკრო, ნედლეულისა და სავალუტო ბაზრების მიმოხილვა
კონფლიქტის ფონზე, გლობალური მონეტარული პოლიტიკა უფრო ხისტი გახდა. გლობალური ცენტრალური ბანკები სულ უფრო მეტად ფოკუსირდებიან ენერგომატარებლების გაძვირებით გამოწვეულ საფასო წნეხზე. საერთო ჯამში, წამყვან ეკონომიკებში განაკვეთების შემცირების ალბათობა საგრძნობლად დაეცა.
გლობალური მაკრომონაცემები არაერთგვაროვან, თუმცა სულ უფრო მყიფე სურათს ასახავს. აშშ-ის ეკონომიკა, მყარი მოხმარებისა და მომსახურების სექტორის წყალობით, მედეგობას ინარჩუნებს; დიდმა ბრიტანეთმა წელი სტაბილურად დაიწყო, თუმცა იქ სამომხმარებლო განწყობები უარესდება. მათგან განსხვავებით, ევროზონა ენერგეტიკული შოკისა და სტაგფლაციის რისკების წინაშე დგას, ჩინეთის ეკონომიკური აღდგენა ტალღოვანია, იაპონია კი სარგებელს კვლავ ძლიერი შიდა მოთხოვნისა და ხელფასების მატებისგან იღებს.
სასაქონლო და სავალუტო ბაზრებზე კვლავ უდიდეს გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი. ნავთობის ბაზარზე ჭარბი მიწოდება რეალურმა დეფიციტმა შეცვალა; ოქრო ინარჩუნებს პოზიციებს, როგორც გეოპოლიტიკური მზღვეველი, ხოლო ინდუსტრიული ლითონები მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებსა და შესუსტებულ მოთხოვნას შორის ბალანსირებს. სავალუტო ბაზარზე კი დოლარის გამყარების პერსპექტივა EUR/USD და GBP/USD წყვილებზე წნეხს აძლიერებს.