← reports · galt-taggart · 6a26885ed3904c00073d2b26

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული

ინფლაცია: 2026 წლის მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შენელდა (ჩვენი მოლოდინის შესაბამისად) წინა თვის 5.9%-დან, რაც ძირითადად სურსათის ინფლაციის შენელებამ განაპირობა. შენელება უფრო საგრძნობი იქნებოდა, რომ არ გაგრძელებულიყო ნავთობის ფასების ზრდა - ბენზინის (+26.3% წ/წ) და დიზელის (+48.0% წ/წ) ფასების ზრდას მაისის ინფლაციაზე დაახლოებით 1.3 პროცენტული პუნქტის გავლენა ჰქონდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.5%-მდე გაიზარდა 2026 წლის მაისში, წინა თვის 3.2%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+5.2% წ/წ, +1.84პპ), ტრანსპორტი (+15.1% წ/წ, +1.72პპ), კომუნალურები (+7.0% წ/წ, +0.66პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+7.2% წ/წ, +0.46პპ), ჯანდაცვა (+5.1% წ/წ, +0.43პპ),  სასტუმროები და რესტორნები (+7.6% წ/წ, +0.24პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-1.3% წ/წ, -0.007პპ) და კავშირგაბმულობა (-6.4% წ/წ, -0.20პპ).
ჩვენი პროგნოზით, საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 4.8%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 57.2%-ით გაიზარდა და რეკორდული დონე 7.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით მაისში რეზერვები 8.2%-ით გაიზარდა (+531.2 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივნისს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.9%-ს შეადგენს.

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით გაიზარდა 380 მლნ აშშ დოლარამდე, წინა ორი თვის შემცირების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლებმა 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (-2.1% წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს.